go-v.orgdoi

ტომას ელიოტი და რენესანსული ჰუმანიზმის ტრადიციათა გადაფასება ინგლისურენოვან მოდერნისტულ ლიტერატურაში

ძაგნიძე, ლიზი, Lizi Dzagnidze · Open Science · 2023

  • DOI 10.48616/openscience-543
  • Publisher OpenAlex
  • Type dissertation
  • Issued 2023

Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.

Open Science · OpenAlex · dissertation · 2023

Abstract

ლიტერატურული ტენდენციების გადაფასება მე-20 საუკუნის მოდერნიზმისა და მისი შემდგომი კულტურული განვითარების ერთ-ერთ მთავარ იმპულსს წარმოადგენს. სადოქტორო დისერტაციის კვლევის საგანი - „ტომას ელიოტი და რენესანსული ჰუმანიზმის ტრადიციათა გადაფასება ინგლისურენოვან მოდერნისტულ ლიტერატურაში“ - გადაფასების მოვლენას მოდერნიზმის უმნიშვნელოვანესი ანგლო-ამერიკელი პოეტისა და თეორეტიკოსის ტ.ს. ელიოტის შემოქმედებასთან მიმართებაში შეისწავლის. დისერტაცია მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ტ.ს. ელიოტის პოეზიის გაანალიზებას რენესანსული ჰუმანიზმის ტრადიციასთან და რენესანსის ლიტერატურასთან შეპირისპირებით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ თეორიული ნაპრალის ამოვსებას, რომელიც მოდერნიზმსა და ტომას ელიოტის შემოქმედებას, როგორც მხოლოდ წინა ესთეტიკური მიმდინარეობების გადაფასებად აღიქვამს. მე20 საუკუნის ეს უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობა და უფრო კონკრეტულად, ტ.ს. ელიოტის შემოქმედება დიალექტიკური მეთოდით საუკუნეებით განსხვავებულ და მსოფლმხედველობით დაშორებულ კონტექსტში მოექცევა, რაც სიახლე იქნება ლიტერატურათმცოდნეობის არა მარტო ქართული სივრცისთვის, არამედ მოდერნიზმის საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისთვის. მიუხედავად ელიოტის ინდივიდუალური შეპირისპირებებისა მის ლიტერატურულ წინამორბედებთან, ძნელად თუ მოიძებნება სამეცნიერო ლიტერატურა და მონოგრაფიები, რომლებიც მის თეორიულ და პოეტურ შემოქმედებას ევროპული კულტურის ახლებურად გააზრების კონტექსტში განიხილავს. ტ.ს. ელიოტის შემოქმედებაში რენესანსული ჰუმანიზმის ტრადიციათა გადაფასების ტენდენციის ნათლად გამოსაკვეთად კვლევის ფარგლებში შესწავლილია ელიოტის შემოქმედებისა და თეორიული ნაშრომების მიმართება რენესანსის პერიოდის სამ უმნიშვნელოვანეს ავტორთან. პირველ რიგში, განხილულია ელიოტისა და ადრეული რენესანსის ერთ-ერთი უმთავრესი წინამორბედი მოაზროვნის დანტე ალიგიერის პოეტური კავშირი. დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ გაანალიზებულია როგორც იმ უნივერსალური პოეტური სტრუქტურის ტექსტი, რომელიც ელიოტის კრიზისული პერიოდის ესთეტიკას ყველაზე ღირებულ და ფუნქციურ მეტაფორას აძლევდა. ნაშრომის შემდეგ ეტაპად განსაზღვრულია შექსპირისეული ალუზიების დანიშნულება ელიოტის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში. შექსპირის პოეტური და მასთან დაკავშირებული თეორიული ნაშრომების შესწავლის საფუძველზე, წარმოჩენილია ჰუმანიზმის ტრადიციათა გადაფასების ტენდენცია ელიოტის საკვანძო პოემებში. კვლევის ბოლო ეტაპად კი, ჯონ დონის მანიერიზმისა და ბაროკოს ესთეტიკა ტ.ს. ელიოტის პოეტურ მსოფლაღქმასთან არის შეპირისპირებული. კვლევის ფარგლებში ასევე გაანალიზებულია თუ როგორ და რა სახით არის მოდერნისტი პოეტის რელიგიური თემატიკის შემოქმედება XVII საუკუნის „მეტაფიზიკოს“ პოეტთა ტრადიციის თანამედროვე ასახვა. საბოლოოდ კი ნაშრომში წარმოჩენილია ტ.ს. ელიოტის პოეზიის განვითარების სპეციფიკა, რომელიც დანტეს შემოქმედებიდან აღებული ალუზიების, სტრუქტურისა და სახე-სიმბოლოების ინტენსიურად გამოყენებით იწყება, შექსპირთან დაკავშირებული კრიტიკული, თუმცა უმნიშვნელოვანესი დამოკიდებულებით გრძელდება და „მეტაფიზიკოს“ პოეტთა „ტექნიკური“ მიღწევების აღიარებითა და მათ თანამედროვე კონტექსტში მოქცევით სრულდება.

Open the resolved locator · 10.48616/openscience-543

Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)